English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების შესაძლებლობები და სიძნელეები საქართველოში

ანოტაცია. საქართველოს, როგორც საბაზრო ეკონომიკაზე მდგარ სახელმწიფოს, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია. მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს შედარებით ახალ მიმართულებას, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ბოლო ათწლეულის მანძილზე. იგი დაფუძნებულია ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ეკონომიკას აფასებს მისი ბუნებრივი კაპიტალის მდგომარეობიდან გამომდინარე. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია მწვანე ეკონომიკის ფორმირების შესაძლებლობები და სიძნელეები საქართველოში. მიმოხილულია ძირითადი საკანონმდებლო საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მწვანე ეკონომიკის ფორმირების შესაძლებლობებს სექტორულ ჭრილში.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა, მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებები

შესავალი

თანამედროვე კვლევების დიდ ნაწილში წარმოების მოხმარება გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ არამდგრადია. თუ მოსახლეობა მოიხმარს იმავე რაოდენობის რესურსს როგორც ეს არის განვითარებად ქვეყნებში, რესურსებზე მოთხოვნა 4-ჯერ გადააჭარბებს დედამიწის საერთო შესაძლებლობებს. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ რესურსების სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების დრო მოვიდა, რასაც მსოფლიოს ქვეყნებიც გამოიყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება გლობალური ეკონომიკის არამდგრადობა, გაიზრდება რესურსებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა.
რესურსების არამდგრადობის შედეგს უნდა მივაკუთვნოთ მთელი რიგი ეკოლოგიური რისკების ზრდა, დაწყებული გლობალური რისკებიდან (კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის წარმოქმნა, ბიომრავალფეროვნების განადგურება), დამთავრებული ადგილობრივით (ნიადაგის ეროზია, ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურება და ა.შ)
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მწვანე ეკონომიკის კონცეფციამ, რომელიც ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარ შედეგს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს [გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა, 2010]. მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. იგი ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება რომ ის პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივი კაპიტალის იმ ნაწილს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნია. მწვანე ეკონომიკის საშუალებით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, უზრუნველყოფილ იქნება ქვეყნის მდგრადი განვითარება, მცირდება გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილებები, რესურსების გამოლევის შესაძლებლობა. ამავდროულად, იგი სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თუ მომსახურება.
მწვანე ეკონომიკის კონცეფცია წარმოადგენს შედარებით ახალ მიმართულებას. მისი განსაზღვრება სხვადასხვაგვარად შეიძლება. მიუხედავად ამისა, იგი გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამწვანება შეიძლება განვიხილოთ მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმად. „მწვანე ეკონომიკასთან“ დაკავშირებული განსაზღვრებები სულ მცირე ორი სახისაა: ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავს პროცესს („ეკონომიკის გამწვანება“, „მწვანე ზრდა“) და ტერმინები რომლებიც დაკავშირებულია შედეგთან („მწვანე ეკონომიკა“) [„მწვანე ბიზნესის“ ხელშეწყობის სტრატეგია, 2011, გვ. 9].
მწვანე ეკონომიკურ ინიციატივაში, რომელიც მოიცავს დაწყებულ ანგარიშს, UNEP (2011ა) “მწვანე ეკონომიკის მიმართულებით” და მის სინთეზს UNEP (2011ბ) “მწვანე ეკონომიკის მიმართულებით: საცალფეხო გზიდან მდგრადობისკენ”. ”მწვანე ეკონომიკის შედეგია ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს” [„მწვანე ბიზნესის“ ხელშეწყობის სტრატეგია, 2011, გვ. 9]. ეკონომიკური მიდგომის თვალსაზრისით, მოცემული გაეროს გარემოს დაცვის პროგრამულ ანგარიშში აღნიშნულია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მწვანე ეკონომიკას შეუძლია ბუნრებრივი და ფინანსური კაპიტალის შედარებით ეფექტიანად და ოპტიმალურად გამოყენება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აზიისა და წყნარი ოკეანის კავშირის ეკონომიკური და სოციალური კომისია ”მწვანე ზრდას” განსაზღვრავს როგორც ”ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად მდგრად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის და სოციალურად ინკლუზიურ განვითარებას”, მაშინ როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მწვანე ზრდას მიიჩნევს, როგორც გზას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, როცა იმავდროულად ბუნებრივი აქტივები განაგრძობს იმ რესურსებისა და გარემოსდაცვითი მომსახურების უზრუნველყოფას, რომელსაც ჩვენი კეთილდღეობა ეყრდნობა [“მწვანე ზრდის მიმართულებით”. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, OECD 2011].
მიზანშეწონილია, დაიმსხვრას უარყოფითი მითები მწვანე ეკონომიკის შესახებ, რომ იგი გულისხმობს ხელისუფლების მხრიდან ზედმეტ ჩარევას, რომ იგი „ამახინჯებს“ ბაზარს და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაშია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს უფრო „ბაზარზე ორიენტირებულს“ ვიდრე დღესდღეობით არსებული ეკონომიკური მოდელები. სინამდვილეში, გარემოსდაცვითი თუ სოციალური საკითხების უგულებელყოფით ჩვენ მივდივართ ბუნებრივი რესურსების არასამართლიან გადანაწილებასთან და საბოლოო ჯამში ისეთ კრიზისამდე, როგორიც იყო 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი.
დღესდღეობით ეკონომიკის მწვანე ეკონომიკად ტრანსფორმაციის პროცესი გამოწვევების წინაშე დგას. ბოლო პერიოდში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეასუსტა მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ტემპები, მაგრამ შექმნა არსებითი შესაძლებლობა - რეაბილიტაცია გამხდარიყო შედარებით მდგრადი და სტაბილური. ერთ-ერთ ასეთ კონცეფციად უნდა მივიჩნიოთ ცნობილი ”გლობალური მწვანე ახალი შეთანხმება” (GGND) [“გლობალური მწვანე ახალი შეთანხმება”, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა. 2009 წლის მარტი]. აღნიშნული სამ ძირითად ამოცანას ემყარება [„მწვანე ბიზნესის“ ხელშეწყობის სტრატეგია, 2011, 10]:
1. შეიტანოს წვლილი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის, სამუშაო ადგილების შექმნისა და დაუცველი ჯგუფების სოციალური დაცვის საკითხებში;
2. ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და მდგრად ზრდას, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით კი, უკიდურესი სიღარიბის დაძლევას;
3. გარდა ამისა, შეამციროს ნახშირბადზე დამოკიდებულება და ეკოსისტემის დეგრადაცია, რაც მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის მთავარ რისკებს წარმოადგენს.
2009 წლისთვის ეუთოს ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ე.წ. „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორცილებაზე [declaration on Green Growth Adopted at the meeting of the council at Ministerial Meeting on 25 June 2009 C/MIN(2009)5/ADD1/FINAL http://www.oecd.org/env/44077822.pdf]. მწვანე ზრდა თავის თავში მოიაზრებს ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს რომელიც სრულიად შესაბამისობაშია გრძელვადიან გარემოსდაცვით ღირებულებებთან. ის მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე არსებული ეკონომიკური განვითარების მოდელი, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ადეკვატურობას და სიღარების შემცირებას როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ყოველივე ამის განსახორციელებლად საჭიროა მთელი რიგი პოლიტიკის, საკანონმდებლო და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან და მოქნილ გადასვლას მდგრად ეკონომიკურ მოდელზე [Toward green growth, summary for policy makers 2011 http://www.oecd.org/greengrowth/48012345.pdf].
თანამედროვე ეტაპზე მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორად იყოფა [http://www.bec.ge/images/doc/green%20economy.pdf]:
1. განახლებადი ენერგია - მზის, ქარის, გეოთერმული, ზღვის, მათ შორის ტალღების და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია;
2. მწვანე შენობები - ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები;
3. სუფთა ტრანსპორტი - ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული ელექტროსატრანსპორტო საშუალებები;
4. წყლის მენეჯმენტი - წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება
5. ნარჩენების მენეჯმენტი - ნარჩენების მართვა, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენების მასალის გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა;
6. მიწის მენეჯმენტი - ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების მენეჯმენტი.

 

მწვანე ეკონომიკის ფორმირების შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში

საქართველო მდიდარია თავისი ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ბიომრავაფეროვნებით, წყლისა და მინერალური რესურსებით, აგრეთვე ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. შესაბამისად, ქვეყანას გააჩნია დიდი პოტენციალი გრძელვადიან პერიოდში მდგრადი განვითარებისთვის.
2010 წლისთვის ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებულ ანგარიშში _ „შესაძლებლობები და ალტერნატივბი მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ _ ხაზგასმულია, რომ, მართალია, საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის, ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სპეციფიკური პოლიტიკისა და საკანონმდებლო დოკუმენტების მომზადებაა მწვანე ეკონომიკაზე, მდგრად წარმოებასა და მოხმარებაზე და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან“ [მწვანე ალტერნატივე, 2014, 8].
ამგვარად, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით კი ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სატყეო სექტორი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომლის ანალიზის თანახმად სწორედ ეს სექტორებია იდენტიფიცირებული როგორც ყველაზე სწრაფი უკუგების მომცემი როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

საკანონმდებლო საფუძვლები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ აღიარებულია და ცნობს მდგრადი განვითარების საფუძველს და ცნობს რა, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის ჯანსაღ და უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი....ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას“ [საქართველოს კონსტიტუცია 37-ე მუხლი, 2010 წლის რედაქცია].
არსებობს მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომლებმაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. მათ შორის უნდა გამოვყოთ 1996 წელს მიღებული კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ; 1996 წლის კანონი ბუნების შესახებ; 1997 წლის კანონი წყლის შესახებ; 1998 წლის კანონი ბირთვული და რადიაციული დაცვის შესახებ; 1999 წლის ტყის კოდექსი და იმავე წლის კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ.
ზოგიერთი ეს ცვლილება იყო მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალურად შეემცირებინა ბარიერები ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონი ”ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოსაკრებლების შესახებ”, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წელს, განსაზღვრავს ტერმინებს და გვაწვდის ინფორმაციას მოსაკრებლების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების რაციონალური ექსპლუატაციისთვის არის დაწესებული. ეს ბუნებრივი რესურსებია: წიაღისეული, ტყე, წყალი და ველური ბუნება. მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბუნებრივ რესურსებს უნდა ხელმძღვანელობდეს კერძო სექტორი და არა სახელმწიფო. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პასუხისმგებელია აუქციონის საშუალებით მიანიჭოს უფლებამოსილება კერძო საწარმოს, გამოიყენოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსები.
”კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (2005) წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და გულისხმობს კონკრეტულ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის სახელმწიფო რესურსების გამოყენებას. ამ კანონის ამოქმედებამ საგრძნობლად შეამცირა ქვეყანაში ლიცენზიები და ნებართვები და გაამარტივა პროცედურები.
გარემოზე ზემოქმედების კონკრეტული საქმიანობის პროცედურების შეფასებასთან არის დაკავშირებული ორი კანონი. ”გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონი” ჴ მოიცავს საქმიანობების და პროექტების ჩამონათვალს, როლებიც ეკოლოგიური ექსპერტიზის საგანს წარმოადგენს და მოითხოვს გარემოსდაცვით შეფასებას. ის აგრეთვე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე განსაზღვრავს საზოგადოების პროცესში ჩართულობის პროცედურებს. ”ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ კანონი” არეგულირებს ეკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომელიც ეხება იმ საქმიანობებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონით არის განსაზღვრული.
კანონი სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც წარმოების სტანდარტების საფუძვლებს ადგენს, ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტიზაციის პრინციპებთან. საქართველოს სტანდარტების ეროვნულმა სააგენტომ, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის განყოფილებამ გამოაქვეყნა სია, რომელიც მოიცავს ISO და სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს (CEN) მათი ქვეყანაში დანერგვის მიზნით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოსცა გარემოს ხარისხის სტანდარტები. სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ტექნიკური რეგულაციები მაქსმიალურად დასაშვებ ემისიებსა და მაქსიმალური დასაშვები გაფრქვევების შესახებ, რაც წყლისა და აირის ხარჯვას ეხება და გამოიყენება როგორც საფუძველი - გაიცეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვები ან სამრეწველო დაბინძურებაზე პირდაპირი მონიტორინგის უფლება. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური არის მარეგულირებელი სააგენტო შესაბამის სექტორში, რომლისთვისაც არსებული სტანდარტები 2000 წელს დამტკიცდა.
2006-2013 წლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკა მოიცავდა მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ამავე პერიოდში ქვეყნის განვითარების სტრატეგია სხვადასხვა სამთავრობო პროგრამას ეფუძნებოდა, რომელიც, მართალია, წარედგინებოდა საქართველოს პარლამენტს, მაგრამ მონიტორინგს არ ექვემდებარებოდა. თვით ამ პროგრამების ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ამ კონკრეტული მინისტრთა კაბინეტის ხანგრლივობაზე [მწვანე ალტერნატივა, 2014, გვ. 9].
მწვანე ეკონომიკის კონცეფციის დანერგვა პირდაპირ უწყობს ხელს „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრინციპების განხორციელება საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეეების ცხოვრების სტანდარტების და მათი გარემოს გაუმჯობესებაზე. მწვანე ზრდის საფუძვლები საქართველოს რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში უკვე ასახულია.
2016 წლისთვის საქართველო შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, რომელიც წარმოადგენს მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავების და შესაბამისი ღონისძიებების გაძლიერების ეფექტიან საშუალებას. შესაძლოა დეკლარაცია მიჩნეულ იქნეს როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ეკოსისტემური სერვისების შეფასების გზით ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის საფუძვლად [საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო....2017: 152].
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მომზადდა საქართველოს “მწვანე ზრდის პოლიტიკის” დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მწვანე ზრდის მიდგომის განხორციელებისა და სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე პოლიტიკური მსჯელობის ბაზას. “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაშიც“ ყურადღება გამახვილებულია მდგრად განვითარებასა და მწვანე ეკონომიკაზე. კერძოდ, შეთანხმების 301-ე მუხლში აღნიშნულია, რომ „მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის საკითხებზე, რითაც წვლილს შეიტანენ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში. გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების უფრო მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას“.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ,,მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (EaP GREEN) - ფარგლებში დაიწყო მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავება. გარემოსდაცვითი პროგრამა ხელმძღვანელობს „პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის“ პროცესს, რომლის ფარგლებშიც მუშავდება მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოები და ხდება მათი ინტეგრირება ეროვნული ეკონომიკისა და განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში. საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, აქვს აქტიური მხარდაჭერა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მწვანე ზრდის სტრატეგიის საშუალებით შესაძლებელი გახდება მწვანე სამუშაო ადგილების შექმნის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე დარგებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოვლენა და მწვანე წარმოების სტიმულირება. დოკუმენტი ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით განსაზღვრული მწვანე ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებებისა და საკვანძო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სვადასხვა საშუალებების იდენტიფიცირებას და შეფასებას [საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო....2017:152].
მწვანე ეკონომიკის და მწვანე ზრდის გარკვეული სექტორული მიმართულებები ასახულია ცალკეულ სამთავრობო პროგრამებში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ და „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა“.
ამ სტრატეგიების ძირითად მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაბამისი გარემო პირობების შექმნა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც თავის თავში მოიაზრებს შემოსავლების და სამუშაო ადგილების შექმნას და ამაღლება. დოკუმენტში განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები, კერძოდ:
1. სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებასთან დაკავშირებით;
2. მეწარმეებისათვის კონსულტაციების გაწევა გარემოსათვის მისაღებ ქმედებებთან დაკავშირებით;
3. „გარემოსდაცვითი მმართველის” კურსების განვითარებასა და ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში მწვანე პრაქტიკის დანერგვას და კომპანიებში გარემოსდაცვითი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებას [საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო....2017:153].


ძირითადი დაინტერესებული მხარეები

მწვანე ეკონომიკაში ძირითად დაინტერესებულ მხარედ შეგვიძლია მთელი საზოგადოება მივიჩნიოთ, რადგან იგი სასარგებლოა თითოეული ადამიანისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ენიჭებათ ხელისუფლებას და მეწარმეებს. მთავრობის როლი ძირითადად გამოიხატება მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერასა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ მართვაში. იგი (მთავრობა) განსაზღვრავს ეროვნულ პოლიტიკას, ქმნის სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოებს, ხოლო ეროვნულ დონეზე შეიმუშავებს ტექნიკურ სტანდარტებს.
ამავდროულად, იგი კოორდინაციას უწევს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესს, აგრეთვე უზრუნველყოფს კონკრეტული პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას. მთავარ სახელმწიფო უწყებებს მწვანე ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებისა და გატარების საქმეში წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. პროცესს მხარს უჭერენ სხვა სამინისტროებიც და სახელმწიფო უწყებებიც, მათ შორის, ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქსტატი და სხვ.

მწვანე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები სექტორულ ჭრილში

ენერგეტიკა

ენერგეტიკის სექტორში მწვანე ზრდა ძირითადად ეფუძნება განახლებადი ენერგიის დანერგვასა და ენერგოეფექტურობას, მოთხოვნა-მიწოდების მართვის ბალანსს. საქართველოში მოსახლეობა მოიხმარს შედარებით ნაკლებ ენერგიას ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში, მარგამ ეს მოხმარება არაეფექტიანია. დაანგარიშებულია, რომ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია ენერგომოხმარების შემცირება დაახლოებით 25%-ით, გაუმჯობესდება ენერგოინტენსივობა და შემცირდება დამოკიდებულება იმპორტირებულ საწვავზე [მწვანე ალტერნატივა 2014: გვ.12].
ენერგეტიკის სექტორში მთავრობის ყურადღება ძირითადად გადატანილია მიწოდებს უსაფრთხოებაზე და გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე, ძირითადად დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე და არამდგრადი ენერგეტიკული სისტემების ჩამოყალიბებაზე (საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წელს საქართველოს ენერგოპოლიტიკის ზოგიერთი მიმართლებების დოკუმენტებით აღებული პრიორიტეტები უცვლელია. ამას ადასტურებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2014 წელს საჯარო განხილვისთვის გამოტანილი დოკუმენტი „საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკა).
OSCE ანგარიშის თანახმად, ქვეყანას შეუძლია ენერგოეფექტურობის სტატუსის გაუმჯობესება თუ მას გააჩნია მოქნილი კანონმდებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს UNEP-ის 2006 წლის კრიტერიუმებს, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვით ეფექტურობას, ეკონომიკურ ეფექტურობას (ხარჯთაღრიცხვას), საბიუჯეტო ხარჯებს, განხორციელების შესაძლებლობებს და უნარებს და დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერას [მწვანე ალტერნატივა 2014: გვ.13].
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარების ბარიერებიდან ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სამთავრობო სტრუქტურის არსებობა, კერძო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა, დაბალი ცნობიერების დონე, საგადასახადო და სატარიფო ინსენტივების არარსებობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა [მწვანე ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია საქართველოს კერძო ბიზნესორგანიზაციებისთვის UBCCE-GIZ ერთობლივი პროექტის ფარგლებში].
სექტორში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების კანონმდებლობის ამოქმედებას, საპილოტე პროექტების განხორციელება ენერგოეფექტურობის დაზოგვის მიზნით, კერძო ბიზნესში სპეციალური სახელმწიფო გრანტებით წახალისება რათა მათ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები ენერგიის დაზოგვის მიზნით.
ენერგეტიკის სექტორში მწვანე ეკონომიკის და მწვანე ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ღონისძიებების შემუშავება, კერძოდ:
1. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
2. განხორციელდეს საპილოტე პროექტები ენერგოეფექტურობის დაზოგვის მიზნით, ამავდროულად, სახელმწიფო შენობებისთვის ენერგოაუდიტის ჩატარება და ამ ღონისძიებების ფარგლებში გარკვეული პროგრამების შემუშავება, რაც შეამცირებს სახელმწიფო დანახარჯებს ენერგიის მოხმარებაზე;
3. გარკვეული ტიპის კვლევების დაფინანსება ახალი პროფესიული კადრების მომზადებისთვის.


სამშენებლო სექტორი

სამშენებლო სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგს მწვანე ბიზნესის განვითარებაში. დღესდღეობით სამშენებლო სექტორი იყენებს მოძველებულ თბოტექნიკის ნორმებს, რომელიც ევროპული სტანდარტებისგან ძალზე შორს დგას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს კონკრეტული სტანდარტებიც დაუცველია, შესაბამისად, საკმაოდ დიდია დანაკარგები.
ევროკავშირთან ასოციერების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომ აიღო ვალდებულება რათა შეასრულოს ევროკავშირის დირექტივა N2010/31/EU შენობების ენერგოწარმოდგენაზე, რომლის ვადად განისაზღვრა 3 წელიწადი, იმ შემთხვევაში თუ მომდევნო 2 წელიწადში საქართველო არ შევა ევროპის ენერგოგაერთიანებაში და არ შეათანხმებს ცალკე შესრულების ვადებს. მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია „საქართველოს კანონს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსს რომელიც ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნასთან, რითაც სამშენებლო სექტრორში დაინერგება ენერგოეფექტურობის სტანდარტები.
დღესდღეობით არ არსებობს მშენებლობის სექტორში ე.წ. „მწვანე მუშახელის“ სტატისტიკა, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია. დღესდღეობით სამშენებლო სექტორში დასაქმებულია 30 ათასზე მეტი მუშახელი, საიდანაც დაახლოებთ 3000 (ისიც სეზონურად) დასაქმებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების წარმოებაში [მწვანე ალტერნატივა 2014: გვ.16].


ტურიზმი

მწვანე ეკონომიკურ ინიციატივაში ერთ-ერთი ძირითადი როლი ტურიზმის დარგს აკისრია, რომლის მართვის ეროვნული მიზნები განსაზღვრულია „საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში“, რომელიც მიიღეს 2015 წელს. საქართველოს ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი მიზანი საქართველოს პოპულარულ ტურისტული დანიშნულების ადგილად გადაქცევა, საერთაშორისო დონეზე მისი ცნობადობის გაზრდა და მოსახლეობისათვის მეტი სარგებლის მოტანაა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი „გეოტურიზმს“ აკისრია. იგი წარმოადგენს ისეთი მოგზაურობის ტიპს, რომელიც ორიენტირებულია დანიშნულების ადგილის გეოგრაფიული თავისებურების შენარჩუნებასა და დაცვაზე, მათ შორის, გარემოს, ესთეტიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობაზე.
ტურიზმის „გამწვანება“ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ამცირებს რა ნარჩენების, წყლის ხარჯს, ზრდის - ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების და კულტურული მემკვიდრეობის ფასს. დღესდღეობით ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ვითარდება შედარებით სწრაფად ვიდრე მასობრივი ტურიზმი, ხოლო ახლო მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით არის ნავარაუდევი მისი ზრდა [UNEP - Tourism, Toward green economy file:///F:/11.0_Tourism.pdf].
საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის ყველა სეზონის განსავითარებლად. შესაძლებელია ტურიზმის ცალკეული მიმართულებების განვითარება, მათ შორის სამკურნალო, აგროტურიზმი, კულტურული ტურიზმი და ა.შ. რეკომენდაციები მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის:
• ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე;
• ადგილობრივი მოსახლეობისა თუ კომპანიების მონაწილეობა რეგიონული ტურიზმის დაგეგმვის გზით, რათა სრულად გამოვლინდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი;
• სტიმულირების პაკეტების შემუშავება მდგრადი ტურიზმის განვითარებაში.


სოფლის მეურნეობა

გლობალური მწვანე შეთანხმება სოფლის მეურნეობის სფეროში ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ახალი გლობალური შეთანხმების თანახმად, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება „განვითარებადი ქვეყნებისთვის რეალური სავაჭრო და სიღარიბის შემცირების შესაძლებლობებს შეიცავს, რადგან შემოსავლის 97% ევროპაში წარმოიქმნება, მაშინ როცა მწარმოებელთა 80% აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის“ [„Global Green New Deal” Policy brief. United Nations Environment Programme March 009].
დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არის დამოკიდებული; საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, ხოლო მშპ-ში მისი წილი 2016 წლისთვის 9%-ია. სოფლის მეურნეობაში ასეთი ვარდნა გამოწვეული იყო მიწის არასწორი რეფორმით, საირიგაციო სისტემის მოშლით, გადამამუშავებელი საწარმოების დახურვით და საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის დახურვით. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირებამ სოფლად მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია.
გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საირიგაციო სისტემის მოშლაა. მასში ძირითადი ინვესტიციები საბჭოთა პერიოდში ჩაიდო. ყოველივე ამის შედეგად, 1980-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 500000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ირწყვებოდა, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს გვალვიან ნაწილში. კიდევ უფრო შემცირდა სარწყავი ტერიტორიების რიცხვი 1990-იანი წლებში, რამაც გამოიწვია ის, რომ უკვე 2001 წლისთვის მხოლოდ 160 000 ჰექტარი ირწყვებოდა.
პრობლემურია საძოვრების საკითხიც, რომლებსაც თემები და ოჯახები საქონლის გამოსაკვებად იყენებდნენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მიწის დეფიციტურობის და მიმდინარე კონფლიქტების გამო სოფლების მეოთხედისთვის საძოვრების ხელმისაწვდომობა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. 2010 წლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, მასვე მიეცა იმ საძოვრების იჯარით გაცემის უფლებამოსილება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა.
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება, რომელიც უარყოფითად აისახება სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობაზე. ეს, ერთი მხრივ განპირობებულია ნიადაგის ნაყოფიერების კლებით, ხოლო მეორე მხრივ დამარილიანების პროცესით. გვალვებით, მიწების დეგრადაციითა და გაუდაბნოებით აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში სანაპირო ზოლის დაჭაობების ზრდით. ყოველივე ეს იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შემცირებას.
ევროკავშირმა სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის 2012 წლის სამოქმედო გეგმით დაიწყო 60 მილიონიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც 2 ფაზისგან შედგება. ENPARD საქართველო (40 მილიონი ევრო) პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განვითარება და მცირე ფერმერთა განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცრის შეთანხმების შესრულებას. პროგრამის მეორე კომპონენტი (20 მილიონი ევრო) განკუთვნილია ინსტიტუციური, ტექნიკური და საკოორდინაციო შესაძლებლობების ზრდისთვის.
რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის:
• მწვანე ეკონომიკის მიმართულების სოფლის მეურნეობაში საჭიროა შემუშავდეს და გატარდეს საგანმანათლებლო პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ორგანულ საკვებზე;
• მნიშვნელოვანია, თუ სახელმწიფო დაიწყებს ფერმერთა სერტიფიცირების პროცესს საერთაშორისო სქემების დანერგვის გზით;
• იმგვარი პროგრამების შემუშავება და დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პროდუქტიულობის ზრდას, განსაკუთრებით კოოპერატივების გზით სპეციფიკური ნიშების მოძიებით.


დასკვნები და რეკომენდაციები

დღესდღეობით „მწვანე ეკონომიკა“ და „მწვანე ზრდა“ სულ უფრო მნიშვნელოვანი კონცეფციები ხდება მსოფლიოში. თანამედროვე ეტაპზე გარემოს დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობა ხდება ეკონომიკური განვითარების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი წარმმართველი ძალა. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, საქმიანობაზე გადასვლა მყისიერად ვერ განხორციელდება, რადგან მწვანე ეკონომიკა და მწვანე ზრდა მეტად კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს და მოითხოვს სამეცნიერო ცოდანს, საზოგადოების ცნობიერებას და შესაბამისი განვითარების დაგეგმვას, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას და შესაბამის საკანონმდებლო აქტების აღსრულებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ადამიანური რესურსები და ინსტიტუციური გაძლიერება.
გარემოსდაცვით ინოვაციებს ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალი აქვს, მაგრამ ის ტექნოლოგიები და მეთოდებიც კი, რომლებიც უკვე დამკვიდრებულია სხვა ქვეყნებში, საქართველოში საწყის ეტაპზე მხარდაჭერას საჭიროებს. გაზრდილია საერთაშორისო მხარდაჭერის ინტერესი ქვეყანაში აღნიშნული მეთოდების დასანერგად. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პოლიტიკის გატარებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზეა, პირველ რიგში საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება; აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიების და პროგრამების შემუშავება, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ცნობილია, რომ მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ზრდის განვითარება ხელს უწყობს კომპანიების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიონობის ზრდას მსოფლიო ბაზარზე. ამასთანავე, გამოიწვევს ცხოვრების დონის გარემოსდაცვითი ხარისხის ამაღლებას, ეკოსისტემებისა და ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი - მწვანე ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია საქართველოს კერძო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის UBCCE–GIZ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2011.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა 2010 http://wedocs.unep.org/bitstream/handle/20.500. 11822/7915/UNEP-AR-2010-FULL-REPORT .pdf?sequence=5&isAllowed=y
3. “მწვანე ზრდის მიმართულებით”. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, OECD, 2011. www.oecd.org/greengrowth
4. “გლობალური მწვანე ახალი შეთანხმება”, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა. 2009 წლის მარტი www.unep.org/pdf/A_Global_Green_New_Deal_Policy_Brief.pdf
5. Declaration on Green Growth Adopted at the meeting of the council at Ministerial Meeting on 25 June 2009 C/MIN(2009)5/ADD1/FINAL http://www.oecd.org/env/44077822.pdf
6. Toward green growth, summary for policy makers 2011 http://www.oecd.org/greengrowth/48012345.pdf
7. http://www.bec.ge/images/doc/green%20economy.pdf
8. მწვანე ალტერნატივა ჴ მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, თბ., 2014
9. საქართველოს კონსტიტუცია 2010 წლის რედაქცია.
10. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჴ საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ. სამუშაო ვერსია თბილისი, 2017.
11. UNEP - Tourism, Toward green economy. file:///F:/11.0_Tourism.pdf
https://www.cbd.int/financial/doc/tourism-greeneconomy.pdf
12. „Global Green New Deal” Policy brief. United Nations Environment Programme March 2009
https://www.minambiente.it/sites/default/files/archivio/allegati/rio_20/unep_global_green_new_deal_eng.pdf